წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ძირითად ხელშეკრულებას (შემდგომში
„ხელშეკრულება“ ან „წესები და პირობები“) თქვენსა და შპს „იურიდიულ პლატფორმას“
(ს/კ 402176836) („ლოპორტი“) შორის. მასზე თანხმობის განცხადებით თქვენ
ადასტურებთ შემდეგ პირობებს:
„წესები და პირობები“ არის თქვენსა და იურიდიული მომსახურების
შემსრულებელ პირსა (შემდგომში „შემსრულებელი“) ან [თუ თქვენ ხართ
„შემსრულებელი“] თქვენსა და იურიდიული მომსახურების მიმღებ პირს
(შემდგომში „მომხმარებელი“) შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების
ხელშეკრულების („მომსახურების ხელშეკრულება“) განუყოფელი ნაწილი. ყველა
პირობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული „მომსახურების
ხელშეკრულებით“ რეგულირდება წინამდებარე „წესებითა და პირობებით“;
წინამდებარე დოკუმენტზე დათანხმებით თქვენ ადასტურებთ, რომ დეტალურად
გაეცანით მასში აღწერილ პლატფორმით სარგებლობის წესებსა და პირობებს და
თანხმობას აცხადებთ მასზე;
„ლოპორტის“ მომსახურების არსი მდგომარეობს „მომხმარებლისა“ და
„შემსრულებლის“ დაკავშირებაში და არა უშუალოდ იურიდიული მომსახურების
გაწევაში. შესაბამისად, „ხელშეკრულებით“ „ლოპორტი“ იღებს ვალდებულებას
მოიძიოს „მომხმარებლისთვის“ „შემსრულებელი“ და არ არის პასუხისმგებელი
„შემსრულებლის“ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
„ლოპორტს“ აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს „წესებისა და პირობების“
დებულებები და ვალდებულია განახლებული დოკუმენტები განათავსოს მის ვებ
გვერდზე ან/და გამოგიგზავნოთ თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ
ფოსტაზე;
ვებ-გვერდზე www.lawport.ge (შემდგომში „პლატფორმა“) რეგისტრაციით თქვენ
ეთანხმებით „წესებსა და პირობებს“ სრულად და აცნობიერებთ, რომ ხართ
„ხელშეკრულების“ ხელმომწერი, რის შედეგადაც წარმოგეშვებათ
„ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები;
იმ შემთხვევაში თუ „პლატფორმაზე“ რეგისტრირდებით იურიდიული პირის
სახელით, ადასტურებთ, რომ ხართ უფლებამოსილი იმოქმედოთ აღნიშნული
იურიდიული პირის სახელით.
1. პლატფორმით სარგებლობის ძირითადი პრინციპები
„წესებსა და პირობებზე“ დათანხმებით თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით:
1.1 „პლატფორმა“ წარმოადგენს ციფრულ პროდუქტს, ელექტრონულ სივრცეს
„მომხმარებლებისა“ და „შემსრულებლების“ ერთმანეთთან
დაკავშირებისთვის.
1.2 „ლოპორტი“ არ არის „მომხმარებელსა“ და „შემსრულებელს“ შორის
გაფორმებული „მომსახურების ხელშეკრულების“ მხარე.
1.3 „შემსრულებლის“ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე და შედეგებზე
პასუხს აგებს „შემსრულებელი“. „ლოპორტი“ პასუხისმგებელი არ არის
„მომსახურების ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ მომსახურებაზე.
1.4 „ლოპორტი“ ახორციელებს „შემსრულებლის“ მიერ მის პროფილზე
განთავსებული ინფორმაციის გადამოწმებას გონივრულ ფარგლებში, თუმცა,
პასუხს არ აგებს აღნიშნული ინფორმაციის სისწორეზე.
2. პლატფორმაზე რეგისტრაცია
2.1 „პლატფორმით“ სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ „პლატფორმაზე“
რეგისტრაციით, რაც ხორციელდება „პლატფორმის“ სარეგისტრაციო
გვერდზე მოთხოვნილი მონაცემების შევსებისა და „წესებისა და პირობებზე“
თანხმობის გაცხადებით.
2.2 „წესებსა და პირობებზე“ დათანხმებით თქვენ ხდებით „ხელშეკრულების“
მხარე და წარმოგეშვებათ წინამდებარე „ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე
უფლებები და ვალდებულებები.
2.3 „პლატფორმაზე“ რეგისტრაციის გავლის შემდეგ იქმნება თქვენი ანგარიში
(„ანგარიში“). „ლოპორტს“ აქვს უფლება თქვენი „ანგარიშზე“ განთავსებული
ინფორმაცია გაუზიაროს „მომხმარებლებსა“ და „შემსრულებლებს“, ასევე
მესამე პირებს.
2.4 თქვენ ვალდებული ხართ „ანგარიშის“ შევსების დროს მიუთითოთ სწორი და
ამომწურავი ინფორმაცია. თუ თქვენ „ანგარიშში“ მიუთითებთ
არასწორ/მცდარ ინფორმაციას, „ლოპორტი“ უფლებამოსილია გააუქმოს
თქვენი „ანგარიში“ ან დროებით შეგიზღუდოთ მასზე წვდომა.
2.5 „ლოპორტი“ უფლებამოსილია პერიოდულად თქვენგან მოითხოვოს თქვენი
„ანგარიშის“ ვერიფიკაცია და აღნიშნული მიზნით დამოუკიდებლად
მოიპოვოს ან თქვენ მოგთხოვოთ დამატებითი დოკუმენტების/ინფორმაციის
წარმოდგენა ან/და სმს/ელექტრონული ფოსტით ვერიფიკაცია.
2.6 „წესებსა და პირობებზე“ დათანხმებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს
„ანგარიშზე“ წვდომის (მომხმარებლის სახელი და პაროლი) მესამე
პირებისათვის მიცემის შემთხვევაში, ისინი წარმოადგენენ თქვენს
წარმომადგენლებს და მესამე პირების მიერ თქვენი „ანგარიშით“
განხორციელებული ქმედებებისთვის პასუხისმგებელი იქნებით თქვენ.
3. ანგარიშის ტიპები „ პლატფორმაზე “
3.1. “მომხმარებლის” ანგარიში
3.1.1 „მომხმარებლის“ „ანგარიშით“ რეგისტრაცია შეუძლიათ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებს.
3.1.2 „მომხმარებლის“ „ანგარიშით“ შესაძლებელია იურიდიული დავალების
(„დავალება“) განთავსება, იურიდიული ტექსტის სათარგმნად განთავსება და
იურისტის მოძიება მუდმივ საწყისებზე (დასაქმება).
3.2. „შემსრულებლის“ ანგარიში
3.2.1 „შემსრულებლის“ „ანგარიშით“ რეგისტრაცია შეუძლიათ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებს (იურიდიულ ფირმებს).
3.2.2 „შემსრულებლის“ „ანგარიშით“ შესაძლებელია „მომხმარებლის“ მიერ
განთავსებული „დავალების“ შესახებ ინფორმაციის მიღება, „დავალებასთან“
დაკავშირებული დამაზუსტებელი კითხვების დასმა, მათზე განფასების
წარდგენა, „დავალების“ შესრულება, შესრულებული „დავალების“
დასრულების ინიცირება, „დავალების“ შესრულებისთვის შეთანხმებული
ანაზღაურების მიღება, ასევე იურიდიული ტექტის თარგმნა, იურიდიული
ტექსტის თარგმნისთვის შეთანხმებული ანაზღაურების მიღება და დასაქმება
„მომხმარებელთან“.
3.2.3 „შემსრულებლის“ „ანგარიშს“ შეიძლება ჰქონდეს ორი სტატუსი: პასიური და
აქტიური. „შემსრულებელს“ „დავალების“ განთავსების შესახებ ინფორმაცია
მიუვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი „ანგარიშის“ სტატუსი არის
„აქტიური“. „შემსრულებელი“ ვალდებულია სტატუსი „აქტიური“ შეცვალოს
სტატუსად „პასიური“ თუ მისთვის წინასწარ ცნობილია, რომ შემდეგი 2 თვის
განმავლობაში ვერ შეასრულებს „დავალებას“ „პლატფორმაზე“.
წინამდებარე მუხლის პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, „ლოპორტს“
უფლება აქვს „შემსრულებლის“ „ანგარიშის“ სტატუსი შეცვალოს
შეხედულებისამებრ.
4.1 „პლატფორმაზე“ „დავალების“ განთავსება შესაძლებელია „მომხმარებლის“
„ანგარიშიდან“.
4.2 დავალების განთავსებისას „მომხმარებელი“:
4.2.1 ირჩევს სურს „დავალების“ ერთჯერადი განთავსება ერთჯერადად
„დავალების“ განთავსების საფასურის გადახდით თუ „დავალებების“
განთავსების ულიმიტო მომსახურებით სარგებლობა ერთ წლიანი გამოწერის
საფასურის გადახდის სანაცვლოდ;
4.2.2 მიუთითებს სამართლის სპეციალიზაციას, რომლის ფარგლებშიც სურს
სამართლებრივი თანხლების მიღება;
4.2.3 მიუთითებს ლოკაციას, სადაც უნდა შესრულდეს „დავალება“ (თუკი
დავალების შესრულებისთვის ლოკაციას მნიშვნელობა არ აქვს, მიეთითება
საქართველოს მთელი ტერიტორია);
4.2.4 მოკლედ აღწერს „დავალების“ არსს;
4.2.5 ატვირთავს „დავალებასთან“ დაკავშირებულ დოკუმენტებს;
4.2.6 მიუთითებს „დავალების“ დაწყებისა და დასრულების თარიღებს ან
მონიშნავს, რომ „დავალების“ შესრულების ვადა არ არის შეზღუდული.
4.3 „დავალების“ განთავსებისას მითითებული ინფორმაციის ნამდვილობასა და
სისრულეზე პასუხს აგებს „მომხმარებელი“.
4.4 „მომხმარებელი“ აცნობიერებს და ეთანხმება, რომ „შემსრულებელი“ მის
მიერ მითითებულ „დავალებასთან“ დაკავშირებულ ინფორმაციაზე
დაყრდნობით განსაზღვრავს იურიდიული მომსახურების ღირებულებას
(„მომსახურების საფასური“).
4.5 „მომხმარებელი“ აცნობიერებს და ეთანხმება, რომ მის მიერ „დავალების“
განთავსებისას მითითებული არასწორი ინფორმაცია შესაძლოა გახდეს
„დავალების“ გაუქმების ან „მომსახურების საფასურის“ შეცვლის საფუძველი.
4.6 „მომხმარებლის“ მიერ „პლატფორმაზე“ „დავალების“ განთავსების შემდეგ,
„პლატფორმის“ სისტემაში „დავალების“ გაშვება ხდება მხოლოდ
„პლატფორმის“ ადმინისტრატორის მიერ „დავალების“ დადასტურების
შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, „მომხმარებელთან“ კომუნიკაციის
მეშვეობით „პლატფორმის“ ადმინისტრატორს ცვლილებები შეაქვს
„დავალებაში“ მის დადასტურებამდე ან დადასტურების შემდეგ.
5. „ პლატფორმის “ მიერ „ შემსრულებლის “ მოძიება
5.1 „მომხმარებლის“ მიერ „პლატფორმაზე“ „დავალების“ განთავსებისა და
„პლატფორმის“ ადმინისტრატორის მიერ მისი დადასტურების შემდეგ,
„დავალება“ გაეშვება „პლატფორმის“ სისტემაში და „დავალების“
განთავსების შესახებ ინფორმაცია მიუვა „პლატფორმაზე“ მითითებულ ყველა
იმ პოტენციურ „შემსრულებელს“, რომელიც აკმაყოფილებს „დავალებაში“
მითითებულ სპეციალიზაციის, ტერიტორიული დაფარვისა და ენის ცოდნის
კრიტერიუმს, იმ შემთხვევაში, თუკი მისი ანგარიშის სტატუსი არის „აქტიური“.
5.2 „შემსრულებლებს“ აქვთ „დავალების“ „ლოპორტის“ მიერ დადასტურებიდან
24 საათი, რათა „პლატფორმის“ მეშვეობით წარმოადგინონ თავიანთი
განფასება კონკრეტული „დავალების“ შესრულებისთვის, მიუთითონ
„დავალების“ შესრულების ვადა (თუ ეს „დავალებაში“ არ არის
განსაზღვრული) და მიუთითონ „დავალების“ შესრულების წინაპირობა
(ასეთის არსებობის შემთხვევაში) სპეციალურ გრაფაში.
5.3 „შემსრულებლებს“ აქვთ უფლება „დავალების“ მიღებიდან 12 საათის
განმავლობაში დასვან დამაზუსტებელი შეკითხვები „დავალებასთან“
დაკავშირებით.
5.4 წინამდებარე „წესებისა და პირობების“ 5.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული
24 საათის გასვლის შემდეგ, „პლატფორმა“ შეარჩევს 3 (სამი) კანდიდატს იმ
პირთა შორის, რომლებმაც ვადის დაცვით წარმოადგინეს „დავალების“
შესრულების განფასება. „პლაფტორმა“ „მომხმარებელს“ მიაწვდის
შერჩეული კანდიდატების პროფილში ასახულ ინფორმაციას, რათა
„მომხმარებელმა“ გათვიცნობიერებული არჩევანი გააკეთოს და აარჩიოს
ერთი „შემსრულებელი“ „დავალების“ შესასრულებლად. სამი კანდიდატის
შერჩევისას „პლატფორმა“ თანაბარწილად (50-50 %) ითვალისწინებს ორი
კრიტერიუმის კომბინაციას: 1. „პლატფორმაზე“ „შემსრულებლის“ რეიტინგს;
2. „შემსრულებლის“ მიერ შეთავაზებული ფასის სიმცირეს, იმის
უზრუნველყოფით, რომ შეუსაბამოდ დაბალი შეთავაზებები არ განიხილება.
6. „ მომხმარებლის “ მიერ „ შემსრულებლის “ შერჩევა
6.1 „წესებისა და პირობების“ 5.4 ქვეპუნქტის შესაბამისად „მომხმარებლისთვის“
მიწოდებული 3 (სამი) კანდიდატის პროფილიდან „მომხმარებელი“ ირჩევს 1
(ერთი) „შემსრულებელს“ შერჩეული კანდიდატის მონაცემებზე
„დადასტურების“ ღილაკის მონიშვნით.
6.2 „შემსრულებლის“ მიერ წარდგენილი საფასო შეთავაზება არ მოიცავს
დავალების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (სახელმწიფო ბაჟი,
დოკუმენტის თარგმნისა და ნოტარიული დამოწმების საფასური და.ა.შ.), თუ
„შემსრულებლის“ საფასო შეთავაზებაში სხვაგვარად არ არის მითითებული.
6.3 „მომხმარებლის“ მიერ ერთი „შემსრულებლის“ შერჩევისთანავე
„მომხმარებელსა“ და „შემსრულებელს“ შორის „მომსახურების
ხელშეკრულება“ გაფორმებულად ითვლება იმ პირობებით, რაც მითითებული
იყო „მომხმარებლის“ მიერ „დავალების“ განთავსებისას და
„შემსრულებლებლის“ მიერ საფასო შეთავაზების წარდგენისას. აღნიშნულის
შესახებ ავტომატურად გენერირებული „მომსახურების ხელშეკრულება“
მიუვათ „მომხმარებელსა“ და „შემსრულებელს“. „ლოპორტი“ არ არის
„შემსრულებელსა“ და „მომხმარებელს“ შორის გაფორმებული
„მომსახურების ხელშეკრულების“ მხარე.
6.4 „მომხმარებლის“ მიერ „შემსრულებლის“ არჩევის პროცედურის
დასასრულებლად საჭიროა „მომხმარებელმა“ აირჩიოს მომსახურების
საფასურის გადახდის ფორმა: 1. „პლატფორმაზე“ ჩაშენებული გადახდის
სისტემის მეშვეობით საბანკო ბარათით გადახდა; ან 2. „პლატფორმაზე“
მითითებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა. შერჩეული გადახდის ოფციასთან
დაკავშირებულ დამატებით ხარჯებზე პასუხისმგებელია „მომხმარებელი“ და
„მომსახურების ხელშეკრულების“ შეწყვეტის შემთხვევაში ასეთი ხარჯი
„მომხმარებელს“ არ დაუბრუნდება.
6.5 „დავალების“ შესრულების ვადის ათვლა იწყება „მომხმარებლის“ მიერ
იურიდიული „მომსახურების საფასურის“ გადახდისთანავე.
6.6 როგორც „შემსრულებელი“, ისე „მომხმარებელი“ აცნობიერებენ, რომ
„მომხმარებლის“ მიერ გადახდილი „მომსახურების საფასური“ მოხვდება
„ლოპორტის“ ანგარიშზე. „ლოპორტი“ არ წარმოადგენს თანხის საბოლოო
მიმღებს, არამედ წარმოადგენს თანხის გამტარს, რომელიც უზრუნველყოფს
მხარეთა გარანტირებას, რომ, ერთი მხრივ, „შემსრულებელი“ ნამდვილად
მიიღებს გაწეული მომსახურების საფასურს, ხოლო, მეორე მხრივ,
„მომხმარებელი“მიიღებს „შემსრულებელთან“ გაფორმებული „მომსახურების
ხელშეკრულების“ შესაბამისად მომსახურებას, რომლის საფასურის
გადაიხადა ან დაიბრუნებს თანხას ან მის ნაწილს ამ „წესებისა და
პირობების“ შესაბამისად.
7. „ დავალების “ შესრულება
7.1 „მომხმარებლის“ მიერ იურიდიული მომსახურების საფასურის
გადახდისთანავე, „მომხმარებელი“ და „შემსრულებელი“ „პლატფორმის“
მიღმა აგრძელებენ „დავალებასთან“ დაკავშირებულ კომუნიკაციას.
7.2 „შემსრულებელი“ ვალდებულია „დავალების“ აღწერაში ან მის მიერ საფასო
შეთავაზების განხორციელებისას მითითებულ ვადაში ჯეროვნად და
იურიდიული მომსახურების მიღებული სტანდარტებით შეასრულოს
„დავალება“.
7.3 იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ აცნობიერებს, რომ „დავალების“
შესრულება აღემატება მის შესაძლებლობებსა და კომპეტენციას ან
დროულად ვერ ახერხებს „დავალების“ შესრულებას, ის ვალდებულია ამის
შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს „ლოპორტის“ ადმინისტრაციას.
7.4 „შემსრულებელი“ ვალდებულია „დავალების“ შესრულების დაწყებამდე
მიაწოდოს „მომხმარებელს“ შეძლებისდაგვარად სრული ინფორმაცია
„დავალებასთან“ დაკავშირებულ ხარჯებზე, ხოლო „მომხმარებელი“
ვალდებულია აღნიშნული ხარჯები წინასწარ აუნაზღაუროს „შემსრულებელს“
ან თავად გადაიხადოს შესაბამისი ხარჯის წარმოქმნის ადგილას. თუ
„მომხმარებელი“ უარს აცხადებს ხარჯების გადახდაზე, „შემსრულებელი“
ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს „ლოპორტის“ ადმინისტრაციას და
ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე „შემსრულებელი“ და
„ლოპორტი“ უზრუნველყოფენ საკითხის მოგვარებას ან „შემსრულებელი“
შეწყვეტს „მომსახურების ხელშეკრულებას“ „მომხმარებელთან“ 12.2.6
ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით.
7.5 „შემსრულებელი“ ვალდებულია შეინახოს ყველა დოკუმენტი, რომელიც
ადასტურებს „დავალების“ შესრულების ხარჯებს და, მოთხოვნის შემთხვევაში,
ელექტრონული სახით მიაწოდოს „მომხმარებელს“.
7.6 „დავალების“ დასრულების შემდეგ „შემსრულებელი“ ვალდებულია
„პლატფორმაზე“ მისი ანგარიშიდან შესაბამის ღილაკის მითითებით დაიწყოს
„დავალების“ დასრულების პროცედურა. „დავალება“ დასრულებულად
ითვლება „მომხმარებლის“ მიერ „დავალების“ დასრულების დადასტურების
შემდეგ, რის შედეგადაც „ლოპორტს“ წარმოექმნება ვალდებულება
„შემსრულებელს“ გადაუხადოს იურიდიული მომსახურების საფასური
„მომხმარებლის“ მიერ დავალების დასრულების ინიცირებიდან 5
კალენდარულ დღეში. „ლოპორტის“ მიერ „შემსრულებლისთვის“
გადასახდელი თანხა წარმოადგენს „მომსახურების საფასურის“ 80 %-ს.
„მომხმარებლის“ მიერ დადასტურებულ საფასო შეთავაზებასა და
„შემსრულებლისთვის“ გადასახდელ ოდენობას შორის სხვაობა წარმოადგენს
„პლატფორმით“ სარგებლობის საკომისიოს.
7.7 „დავალების“ დასრულების პროცედურის წარმართვის უფლება აქვს
„მომხმარებელსაც“ ცალმხრივ რეჟიმში. შესაბამისად, „შემსრულებლის“ მიერ
„დავალების“ დასრულების დადასტურება საჭირო აღარ არის და
„ლოპორტი“ „მომხმარებლის“ მიერ „დავალების“ დასრულებიდან 5
კალენდარულ დღეში გადაუხდის 7.6 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საფასურს „შემსრულებელს“.
7.8 თუ „შემსრულებელმა“ 7.6 ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით დაიწყო
„დავალების“ დასრულების პროცედურა, ხოლო „მომხმარებელი“
„დავალების“ დასრულებას არ ადასტურებს 5 (ხუთი) კალენდარული დღის
განმავლობაში, „შემსრულებელი“ ამის შესახებ ატყობინებს „ლოპორტის“
ადმინისტრაციას. „ლოპორტი“ 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში
შეისწავლის კონკრეტული შემთხვევის გარემოებებს, შეაფასებს არსებითად
შესრულებულია თუ არა „დავალება“ „დავალებაში“ მითითებული პირობების
შესაბამისად და აკმაყოფილებს თუ არა იგი იურიდიული მომსახურების
გაწევის მისაღებ სტანდარტს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე: 1. ურიცხავს „შემსრულებელს“
7.6 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობას ან 2. „მომხმარებლის“
გადაწყვეტილების შესაბამისად უბრუნებს მას გადახდილ ოდენობას სრულად
არჩეული გადახდის ოფციის დამატებითი ხარჯის გამოკლებით. „ლოპორტი“
ასევე უფლებამოსილია „მომხმარებლის“ თანხმობის შემთხვევში,
„მომხმარებლისთვის“ მოიძიოს სხვა, ალტერნატიული შემსრულებელი.
7.9 იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ წარმოადგენს ფიზიკურ პირს და არ
არის დარეგისტრირებული გადასახადების გადამხდელად „ლოპორტის“
მიერ „შემსრულებლისთვის“ გადასახდელი 7.6 ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ თანხიდან „ლოპორტი“ აკავებს საშემოსავლო
გადასახადს და დარჩენილ თანხას ურიცხავს „შემსრულებელს“. აქვე, იმ
შემთხვევაში, თუკი პირი რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად, ის
თავად ირჩევს, „ლოპორტმა“ დააკავოს საშემოსავლო გადასახადი, თუ
გადაურიცხოს მას მომსახურების ღირებულების მისი კუთვნილი წილი და
თავად უზრუნველყოს გადასახადის ადმინისტრირება. „ლოპორტი“ არ არის
პასუხისმგებელი ამ უკანასკნელი ოფციის ამრჩევ პირთა მიერ გადასახადის
გადახდის ფაქტის მონიტორინგსა და გადამოწმებაზე.
8. ექსკლუზიურობა
8.1 „წესებსა და პირობებზე“ დათანხმებით „შემსრულებელი“ ადასტურებს, რომ
ექნება ექსკლუზიური ურთიერთობა „ლოპორტთან“ და არ დარეგისტრირდება
სხვა მსგავს პლატფორმაზე, რომელიც ოპერირებს საქართველოში.
8.2 ექსკლუზიური ურთიერთობის ფარგლებში, „პლატფორმის“ მეშვეობით
დაკავშირებული „შემსრულებელი“ და „მომხმარებელი“ ვალდებულები
არიან „პლატფორმის“ მიღმა არ დაამყარონ საქმიანი ურთიერთობა, რაც
გამოიხატება „პლატფორმის“ გვერდის ავლით „დავალების“ შესრულებაში,
ახალი დავალების მიღებაში ან/და სხვა ისეთ ქმედებაში, რაც შეიძლება
განხორციელდეს „პლატფორმის“ ფარგლებშიც.
8.3 იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ დაარღვევს 8.1 და 8.2 ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ წესს, „ლოპორტი“
უფლებამოსილია შეუზღუდოს მას „პლატფორმით“ სარგებლობა
განსაზღვრული ვადით ან გააუქმოს მისი „ანგარიში“.
8.4 თუ „მომხმარებელი“ დაარღვევს 8.2. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წესს,
„ლოპორტი“ უფლებამოსილია შეუზღუდოს მას „პლატფორმით“ სარგებლობა
განსაზღვრული ვადით ან გააუქმოს მისი „ანგარიში“.
9. კონფიდენციალურობა და მინდობილი ნივთების დაცვის ვალდებულება
9.1 „შემსრულებელი“ ვალდებულია არ გაამჟღავნოს მესამე პირებთან
კონფიდენციალური ინფორმაცია. კონფიდენციალურად ითვლება ნებისმიერი
ინფორმაცია, რომელიც „შემსრულებლისთვის“ ცნობილი გახდა
„დავალების“ შესრულებიდან გამომდინარე, ასევე ინფორმაცია, რომელიც
მისთვის ხელმისაწვდომი არ იქნებოდა „დავალების“ შესახებ ინფორმაცია
რომ არ მიეღო „პლატფორმის“ მეშვეობით.
9.2 „შემსრულებელი“ პასუხისმგებელია იმ ქონების/დოკუმენტაციის დაცვაზე,
რომელიც მინდობილი აქვს მას „დავალების“ შესასრულებლად.
„შემსრულებელი“ პასუხისმგებელია ყველა ზიანზე, რომელიც მიადგა
„მომხმარებელს“ მისი ბრალეული ქმედებით ან უმოქმედობით, ასევე უხეში
გაუფრთხილებლობით.
9.3 ყველა ჩანაწერი, დოკუმენტი, მემორანდუმი ან სხვა მასალა, რომელიც არის
„შემსრულებლის“ ხელთ „დავალების“ შესრულებიდან გამომდინარე, ასევე
„დავალების“ შესრულების დროს დასრულებული ან დაუსრულებელი
პროფესიული პროდუქტი წარმოადგენს „მომხმარებლის“ საკუთრებას და
დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს „მომხმარებელს“ მოთხოვნის ან
„მომსახურების ხელშეკრულების“ შეწყვეტისთანავე.
9.4 ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში
„შემსრულებელი“ ვალდებულია აუნაზღაუროს „მომხმარებელს“ ის ზიანი,
რომელიც მას ამგვარი ქმედებით ან უმოქმედობით მიადგა. ამასთანავე,
„ლოპორტი“ უფლებამოსილია შეუზღუდოს „შემსრულებელს“ წვდომა
„პლატფორმაზე“ მის ანგარიშზე დროებით ან გააუქმოს „შემსრულებლის“
„ანგარიში“.
10. პერსონალურ მონაცემთა დაცვა
10.1 „შემსრულებელი“ და „მომხმარებელი“ აცხადებენ თანხმობას „ლოპორტმა“
მათ მიერ „პლატფორმაზე“ მითითებული პერსონალური მონაცემები
დაამუშავოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და
გამოიყენოს „პლატფორმის“ ფუნქციონირებისა და განვითარების,
მარკეტინგული, კომერციული და კანონით დაშვებული სხვა მიზნებისთვის.
ზემოთ აღნიშნული მიზნებით, პერსონალური მონაცემები „ლოპორტმა“
შეიძლება დაამუშავოს როგორც თავის, ასევე მესამე პირების სასარგებლოდ.
10.2 პერსონალურ მონაცემებად ითვლება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც
უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, რაც
მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება შემდეგი ჩამონათვალით: სახელი და გვარი,
პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, განათლება,
ასოციაციებისა და კავშირების წევრობა, საბანკო რეკვიზიტები და სხვ.
10.3 „შემსრულებელი“ ვალდებულია „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემები
დაამუშავოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
10.4 „შემსრულებლის“ მიერ 10.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის
დარღვევის შემთხვევაში, „ლოპორტი“ უფლებამოსილია „შემსრულებელს“
დროებით შეუზღუდოს „პლატფორმაზე“ წვდომა ან გააუქმოს მისი
„ანგარიში“.
10.5 „ლოპორტი“ უფლებამოსილია გამოიყენოს „მომხმარებლებისა“ და
„შემსრულებლების“ პერსონალური მონაცემები საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივ დავებში საკუთარი
ინტერესების დასაცავად ან/და „ლოპორტის“ რეორგანიზაციის, შერწყმის ან
„ლოპორტში“ წილის გასხვისების დროს.
11. ინტერესთა შეუთავსებლობა
11.1. ინტერესთა შეუთავსებლობას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც
„შემსრულებელი“ ასრულებს პროფესიულ ფუნქციებს იმ საქმეზე,
რომელზედაც მან უკვე განახორციელა მოსამართლის, პროკურორის,
გამომძიებლის, მედიატორის, არბიტრის, აღმასრულებლის, მოსამართლის
თანაშემწის, სასამართლო სხდომის მდივნის, თარჯიმნის, დამსწრის, მოწმის,
ექსპერტის, სპეციალისტის, საჯარო მოსამსახურის ან ნოტარიუსის სტატუსით
და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
უფლებამოსილებანი ან თუ თუ იმავე საქმეზე უკვე განახორციელა
საადვოკატო საქმიანობა მეორე მხარის სასარგებლოდ.
11.2. ინტერესთა შეუთავსებლობის აღმოჩენის შემთხვევაში, „შემსრულებელი“
ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს „მომხმარებელსა“ და „ლოპორტის“
ადმინისტრაციას „მომსახურების ხელშეკრულების“ შეწყვეტისა და
„პლატფორმაზე“ „დავალების“ შეწყვეტის ინიცირების მიზნით.
„მომსახურების ხელშეკრულების“ შეწყვეტა უნდა მოხდეს იმ ფორმით, რომ
მაქსიმალურად შემცირდეს „მომხმარებლის“ ინტერესებისთვის ზიანის
მიყენების შესაძლებლობა.
11.3. ინტერესთა შეუთავსებლობასთან გათანაბრებულ მდგომარეობას ადგილი
აქვს, როდესაც „შემსრულებელი“ ახორციელებდა საადვოკატო საქმიანობას
მეორე მხარის სასარგებლოდ სხვა საქმეზე ან ჰქონდა მეორე მხარესთან
ისეთი საქმიანი ან პირადი შეხება, რამაც შეიძლება მისი დამოუკიდებლობა
ეჭქვეშ დააყენოს.
11.4. ინტერესთა შეუთავსებლობასთან გათანაბრებული მდგომარეობის აღმოჩენის
შემთხვევაში, „შემსრულებელი“ ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ
აცნობოს „მომხმარებელს“ და დეტალურად გააცნოს ინტერესთა
შეუთავსებლობასთან გათანაბრებული მდგომარეობის ფაქტობრივი
გარემოებები. ამის შემდეგ „მომხმარებელი“ იღებს გადაწყვეტილებას
„მომსახურების ხელშეკრულების“ გაგრძელების ან შეწყვეტის თაობაზე.
11.5. „წესებისა და პირობების“ 11.2 და 11.4 ქვეპუნქტებით „მომსახურების
ხელშეკრულების“ შეწყვეტის შემთხვევაში, „მომხმარებელს“ გადახდილი
თანხა უბრუნდება სრულად შერჩეული გადახდის ოფციის შესაბამისი ხარჯის
გამოკლებით.
11.6. „წესებისა და პირობების“ 11.2 და 11.4 ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში „ლოპორტი“ უფლებამოსილია
„შემსრულებელს“ შეუზღუდოს „პლატფორმაზე“ წვდომა დროებით ან
გააუქმოს „შემსრულებლის“ ანგარიში.
12. „ მომსახურების ხელშეკრულების “ შეწყვეტა
12.1. „შემსრულებელსა“ და „მომხმარებელს“ შორის გაფორმებული
„მომსახურების ხელშეკრულება“ შეიძლება შეწყდეს:
12.1.1. „შემსრულებელსა“ და „მომხმარებელს“ შორის ორმხრივი შეთანხმების
საფუძველზე;
12.1.2. ინტერესთა შეუთავსებლობისა და ინტერესთა შეუთავსებლობასთან
გათანაბრებული მდგომარეობის შემთხვევაში „წესებისა და პირობების“ 11.2
და 11.4 ქვეპუნქტებით დადგენილი წესით;
12.1.3. „შემსრულებლის“ ინიციატივით ავადმყოფობის, ოჯახის წევრის მძიმე
ავადმყოფობის ან/და გარდაცვალების, ასევე სხვა ისეთი გარემოების
შემთხვევაში, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის „დავალების“
შესრულებას;
12.1.4. „მომხმარებლის“ ინიციატივით „მომსახურების ხელშეკრულების“ დადებიდან
პირველი 12 საათის განმავლობაში;
12.1.5. „მომხმარებლის“ ინიციატივით, თუ შემსრულებელი არაჯეროვნად ასრულებს
“მომსახურების ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებებს, იქნა
გაფრთხილებული/მიეცა დამატებითი ვადა „მომხმარებლის“ მიერ, მაგრამ
დარღვევა არ გამოსწორებულა. გაფრთხილება ან დამატებითი ვადის მიცემა
ხდება „პლატფორმის“ გარეთ, „მომხმარებელსა“ და „შემსრულებელს“
შორის კომუნიკაციით;
12.1.6. „შემსრულებლის“ ინიციატივით, თუ „მომხმარებელი“ არაჯეროვნად
ასრულებს მის ვალდებულებას სრული და ამომწურავი
ინფორმაცია/დოკუმენტაცია მიაწოდოს „შემსრულებელს“, კომუნიკაციისას
არღვევს ეთიკის ნორმებს ან არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რაც
„შემსრულებლისა“ და „მომხმარებლის“ თანამშრომლობას შეუძლებელს
ხდის, იქნა გაფრთხილებული ან მიეცა დამატებითი ვადა „შემსრულებლის“
მიერ, მაგრამ დარღვევა არ გამოსწორებულა. გაფრთხილება ან დამატებითი
ვადის მიცემა ხდება „პლატფორმის“ გარეთ, „მომხმარებელსა“ და
„შემსრულებელს“ შორის კომუნიკაციით.
12.2. „შემსრულებელსა“ და „მომხმარებელს“ შორის გაფორმებული
„მომსახურების ხელშეკრულება“ წყდება შემდეგი წესით:
12.2.1. თუ „მომსახურების ხელშეკრულების“ შეწყვეტა ხდება 12.1.1 ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით, „შემსრულებელი“ და „მომხმარებელი“
ვალდებულები არიან „მომსახურების ხელშეკრულების“ შეწყვეტისა და
შეწყვეტასთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ
„ლოპორტის“ ადმინისტრაციას და მათ „ანგარიშში“ მონიშნონ შესაბამისი
ღილაკი „დავალების შეწყვეტა“. ასეთ შემთხვევაში „მომხმარებელსა“ და
„შემსრულებელს“ შორის შემდგარი შეთანხმების შესაბამისად, „ლოპორტი“
„შემსრულებელს“ გადაუხდის უკვე შესრულებული მომსახურების საფასურს,
დააკავებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
გადასახადებსა და „პლატფორმის“ საკომისიოს და დარჩენილ თანხას
ურიცხავს „მომხმარებელს“.
12.2.2. თუ „მომსახურების ხელშეკრულების“ შეწყვეტა ხდება 12.1.2 ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით, „შემსრულებელი“ ვალდებულია ამის
შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს „მომხმარებელსა“ და „ლოპორტის“
ადმინისტრაციას 11.2 და 11.4 ქვეპუნქტით დადგენილი წესით, ხოლო
„მომხმარებელს“ მის მიერ გადახდილი თანხა სრულად (შერჩეული გადახდის
ოფციის შესაბამისი ხარჯის გამოკლებით) უბრუნდება „მომსახურების
ხელშეკრულების“ შეწყვეტიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
12.2.3. თუ „მომსახურების ხელშეკრულების“ შეწყვეტა ხდება 12.1.3 ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით, „შემსრულებელი“ ვალდებულია ამის
შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს „მომხმარებელსა“ და „ლოპორტის“
ადმინისტრაციას. თუ „მომხმარებელი“ და „შემსრულებელი“ სხვაგვარად არ
შეთანხმდებიან, „მომხმარებელს“ მის მიერ გადახდილი თანხა სრულად
(შერჩეული გადახდის ოფციის შესაბამისი ხარჯის გამოკლებით) უბრუნდება
„მომსახურების ხელშეკრულების“ შეწყვეტიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის
განმავლობაში.
12.2.4. თუ „მომსახურების ხელშეკრულების“ შეწყვეტა ხდება 12.1.4 ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით, „მომხმარებელი“ ვალდებულია ამის
შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს „შემსრულებელსა“ და „ლოპორტის“
ადმინისტრაციას. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „დავალების“ შესრულება
მოიცავდა „დავალების“ სრულად ან ნაწილობრივ შესრულებას „დავალების“
დადასტურებიდან პირველი 12 საათის განმავლობაში, „მომხმარებელს“ მის
მიერ გადახდილი თანხა უბრუნდება „პლატფორმით“ სარგებლობის
საკომისიოს და შერჩეული გადახდის ოფციის შესაბამისი ხარჯის
გამოკლებით „მომსახურების ხელშეკრულების“ შეწყვეტიდან 5 (ხუთი)
სამუშაო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც „დავალების“
შესრულება მოიცავდა „დავალების“ სრულად ან ნაწილობრივ შესრულებას
„დავალების“ დადასტურებიდან პირველი 12 საათის განმავლობაში,
„შემსრულებელს“ მიეცემა ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს
პროპორციულად და ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის შესახებ ეცნობება
„ლოპორტის“ ადმინისტრაციას, დარჩენილი თანხა კი „პლატფორმის“
საკომისიოსა და შერჩეული გადახდის ოფციის შესაბამისი ხარჯის
გამოკლებით უბრუნდება „მომხმარებელს“. თუ „შემსრულებლისთვის“
ასანაზღაურებელ თანხასთან დაკავშირებით ვერ შედგა შეთანხმება
„მომხმარებელსა“ და „შემსრულებელს“ შორის, გამოიყენება 12.3
ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესი.
12.2.5. თუ „მომსახურების ხელშეკრულების“ შეწყვეტა ხდება 12.1.5 ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით, „მომხმარებელი“ ვალდებულია ამის
შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს „შემსრულებელსა“ და „ლოპორტის“
ადმინისტრაციას. ასეთ შემთხვევაში „მომხმარებლის“ მიერ გადახდილი
თანხა უბრუნდება „მომხმარებელს“ „პლატფორმით“ სარგებლობის
საკომისიოსა და შერჩეული გადახდის ოფციის ხარჯის გამოკლებით, გარდა
12.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
12.2.6. თუ „მომსახურების ხელშეკრულების“ შეწყვეტა ხდება 12.1.6 ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით, „შემსრულებელი“ ვალდებულია ამის
შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს „მომხმარებელსა“ და „ლოპორტის“
ადმინისტრაციას და გააკეთოს მოთხოვნა მის მიერ უკვე შესრულებული
სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით. თუ აღნიშნულ მოთხოვნას
დაეთანხმება „მომხმარებელი“, „შემსრულებელს“ მიეცემა შესაბამისი
ანაზღაურება, ხოლო თუ „მომხმარებელი“ მოთხოვნას არ დაეთანხმება,
მოქმედებს 12.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესი.
12.3. „მომხმარებელი“ და „შემსრულებელი“ ვალდებულები არიან ყველა ზომას
მიმართონ „მომსახურების ხელშეკრულების“ შეწყვეტის შემთხვევაში
„შემსრულებლისთვის“ გადასახდელი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით
შეთანხმების მისაღწევად და ასეთი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში
აცნობონ „ლოპორტის“ ადმინისტრაციას, რათა მოხდეს შეთანხმებული
ანაზღაურების გადარიცხვა „ლოპორტის“ საბანკო ანგარიშზე განთავსებული
მომსახურების საფასურიდან „შემსრულებლის“ საბანკო ანგარიშზე.
შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, „ლოპორტი“ უფლებამოსილია
შეისწავლოს საქმის გარემოებები, შეამოწმოს აკმაყოფილებს თუ არა
„შემსრულებლის“ მიერ შესრულებული სამუშაო იურიდიული მომსახურების
მისაღებ სტანდარტებს ან/და რა მოცულობის სამუშაო იქნა „შემსრულებლის“
მიერ შესრულებული და ვალდებულია დაეხმაროს „მომხმარებელსა“ და
„შემსრულებელს“ შეთანხმების მიღწევაში, ხოლო შეთანხმების
მიუღწევლობის შემთხვევაში უფლებამოსილია წინამდებარე „წესებისა და
პირობების“ შესაბამისად გადაწყვიტოს „შემსრულებლისთვის“ ანაზღაურების
გადახდის საკითხი და ოდენობა.
13. „ ხელშეკრულების “ შეწყვეტა
13.1. „ლოპორტსა“ და „შემსრულებელს“ ან „ლოპორტსა“ და „მომხმარებელს“
შორის გაფორმებული წინამდებარე „ხელშეკრულება“ შეიძლება შეწყდეს:
13.1.1. „შემსრულებლის“ ინიციატივით “პლატფორმაზე“ მისი „ანგარიშის“
გაუქმებით;
13.1.2. „მომხმარებლის“ ინიციატივით „პლატფორმაზე“ მისი „ანგარიშის“
გაუქმებით;
13.1.3. „ლოპორტის“ ინიციატივით პლატფორმაზე „შემსრულებლის“ „ანგარიშის“
გაუქმებით „წესებისა და პირობებით“ გათვალისწინებული წესითა და
საფუძვლებით;
13.1.4. „ლოპორტის“ ინიციატივით პლატფორმაზე „მომხმარებლის“ „ანგარიშის“
გაუქმებით „წესებისა და პირობებით“ გათვალისწინებული წესითა და
საფუძვლებით;
13.1.5. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
13.2 „ხელშეკრულების“ შეწყვეტის მიუხედავად, მხარეები ვალდებულები არიან
აანაზღაურონ უკვე გაწეული მომსახურების ღირებულება, „ხელშეკრულება“
შეწყვიტონ იმ ფორმით, რომ მინიმალური ზიანი მიაყენონ მეორე მხარეს და
უვადოდ დაიცვან წინამდებარე „ხელშეკრულების“ მე-9, მე-10 და მე-11
მუხლებით გათვალისწინებული მათი ვალდებულებები.